შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ

 

წევრი ქვეყნები,

 

გამოთქვამენ რა სურვილს შეამცირონ დამახინჯებები და დაბრკოლებები საერთაშორისო ვაჭრობაში და მხედველობაში იღებენ რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტური და ადეკვატური დაცვის ხელშეწყობის საჭიროებას, და ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ზომები და პროცედურები თავად არ იქცეს კანონიერი ვაჭრობის დაბრკოლებად;

აღიარებენ, ამ მიზნით ახალი წესებისა და წესრიგის საჭიროებას, რომლებიც ეხება:

     ()  1994 წლის GATT-ისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების ძირითადი პრინციპების გამოყენებას;

          () ინტელექტუალური საკუთრების ვაჭრობასთან დაკავშირებული უფლებების არსებობის, ფარგლებისა და გამოყენების ადეკვატური სტანდარტებისა და პრინციპების უზრუნველყოფას;

     () ეროვნული სამართლებრივი სისტემების განსხვავებათა გათვალისწინებით, ინტელექტუალური საკუთრების ვაჭრობასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელების ეფექტური და სათანადო საშუალებებით უზრუნველყოფას;

     (მთავრობებს შორის დავების მრავალმხრივ საფუძველზე ასაცილებლად და გადასაწყვეტად ეფექტური და გადაუდებელი პროცედურებით უზრუნველყოფას; და

     (გარდამავალ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების შედეგებში მაქსიმალურად სრულ მონაწილეობას;

 

ამასთან:

აღიარებენ რა კონტრაფაქციული საქონლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული პრინციპების, წესებისა და წესრიგის მრავალმხრივი სისტემის საჭიროებას;

 

აღიარებენ, რა რომ უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე წარმოადგენს კერძო პირთა უფლებებს

 

აღიარებენ რა სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველში ჩადებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემების მიზნებს, განვითარებისა და ტექნოლოგიური მიზნების ჩათვლით;

 

აღიარებენ რა აგრეთვე, ნაკლებად განვითარებული წევრი ქვეყნების განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს მაქსიმალურად მოქნილად იქნეს გამოყენებული ქვეყნის შიგნით კანონები და წესები, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა შექმნან მყარი და სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზა;

 

 

 

ხაზს უსვამენ რა უფრო მყარი ვალდებულებების მიღწევის გზით დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას, რათა მრავალმხრივი პროცედურების საშუალებით გადაწყდეს ინტელექტუალური საკუთრების სავაჭრო ასპექტებთან დაკავშირებული დავები;

 

და სურთ რა დაამყარონ ურთიერთმხარდამჭერი ურთიერთობები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა (ვმო) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიაზაციას (შემდგომში "ისმო") შორის ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის,

 

თანხმდებიან შემდეგზე:

 

ნაწილი I

ზოგადი დებულებები და ძირითადი პრინციპები

 

მუხლი 1

ვალდებულებათა არსი და ფარგლები

 

1. წევრ ქვეყნებს მოქმედებაში მოჰყავთ ამ შეთანხმების დებულებები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, მაგრამ არ არიან ვალდებულნი, თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინონ უფრო ფართო დაცვა, ვიდრე მოითხოვება ამ შეთანხმებით, იმ პირობით, რომ ამგვარი დაცვა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს. წევრ ქვეყნებს აქვთ სრული თავისუფლება თავისი სამართლებრივი სისტემისა და პრაქტიკის ფარგლებში განსაზღვრონ ამ შეთანხმების დებულებების შესრულების სათანადო მეთოდი.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი "ინტელექტუალური საკუთრება" ეხება ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორიას, რომლებიც II ნაწილის 1_7 კარის განხილვის ობიექტს წარმოადგენს.

3. წევრი ქვეყნები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეჟიმს ანიჭებენ სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს[1]. ინტელექტუალური საკუთრების შესაბამის უფლებასთან დაკავშირებით, სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებად მიიჩნევიან ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ პარიზის კონვენციით (1967), ბერნის კონვენციით (1971), რომის კონვენციითა და ინტეგრალურ მიკროსქემებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მინიჭების კრიტერიუმებს, ისე თითქოს ვმო- ყველა წევრი ქვეყანა ამ კონვენციების მონაწილე იყოს.[2] ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელიც სარგებლობს რომის კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, ატყობინებს ამის შესახებ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების სავაჭრო ასპექტების საბჭოს ("TRIPS-ის საბჭო"), როგორც გათვალისწინებულია აღნიშნულ დებულებებში.

 

მუხლი 2

კონვენციები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში

 

1. ამ შეთანხმების II, III და IV ნაწილების მიმართ, წევრი ქვეყნები იცავენ პარიზის კონვენციის (1967.) 1_12 მუხლებისა და მე-19 მუხლის დებულებებს.

2. ამ შეთანხმების I-IV ნაწილებში არაფერი ზღუდავს არსებულ ვალდებულებებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ წევრ ქვეყნებს პარიზის კონვენციის, ბერნის კონვენციის, რომის კონვენციისა და ინტეგრალურ მიკროსქემებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

 

მუხლი 3

ეროვნული რეჟიმი

 

1. ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან[3] დაკავშირებით, თითოეული წევრი ქვეყანა სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე ავრცელებს თავისი მოქალაქეებისათვის გათვალისწინებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია შესაბამისად პარიზის კონვენციით (1967.), ბერნის კონვენციით (1971.), რომის კონვენციითა და ინტეგრალურ მიკროსქემებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ხელშეკრულებით. რაც შეეხება შემსრულებლებს, ფონოგრამების დამამზადებლებსა და სამაუწყებლო ორგანიზაციებს, ეს ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით. ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელიც სარგებლობს ბერნის კონვენციის (1971.) მე-6 მუხლით, ან რომის კონვენციის მე-16 მუხლის 1(b) პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, აღნიშნული დებულებებით დადგენილი წესის შესაბამისად ატყობინებს ამის შესახებ TRIPS-ის                                                                                                                                                                                                                                                                     საბჭოს.

2. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ 1-ლი პუნქტით ნებადართული

გამონაკლისებით სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით, საქმიანი მიმოწერისათვის მისამართის არჩევის ან წევრი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში რწმუნებულის დანიშვნის ჩათვლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გამონაკლისები აუცილებელია იმ კანონებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს და როცა ასეთი პრაქტიკა არ გამოიყენება იმგვარად, რომ შეიცავდეს ვაჭრობისათვის ფარულ შეზღუდვას.

 

მუხლი 4

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

 

ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი უპირატესობა, შეღავათი, პრივილეგია ან იმუნიტეტი, რომელსაც წევრი ქვეყანა ანიჭებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ ვრცელდება ყველა სხვა წევრი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება წევრი ქვეყნის მიერ გათვალისწინებულ ნებისმიერ უპირატესობაზე, შეღავათზე, პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომლებიც:

(a)                გამომდინარეობს საერთაშორისო შეთანხმებებიდან სასამართლო დახმარების შესახებ ან ზოგადი ხასიათის კანონის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც არ არის შეზღუდული მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების დაცვით;

(b)               მინიჭებულია ბერნის კონვენციის (1971.) ან რომის კონვენციის დებულებების შესაბამისად, რომლებითაც დაშვებულია, რომ მინიჭებული რეჟიმი წარმოადგენს არა ეროვნული რეჟიმის, არამედ სხვა ქვეყანაში მინიჭებული რეჟიმის ფუნქციას;

(c)                ეხება შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებებს, რომლებიც ამ შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული;

(d)               გამომდინარეობს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც ძალაში შევიდა ვმო- შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებების შესახებ ეცნობა TRIPS-ის საბჭოს და რომ ისინი არ წარმოადგენს სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეების თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას.

 

მუხლი 5

მრავალმხრივი შეთანხმებები დაცვის მოპოვების ან

ძალაში შენარჩუნების შესახებ

 

მე-3 და მე-4 მუხლების ვალდებულებები არ ვრცელდება ისმო- ეგიდით დადებულ მრავალმხრივ შეთანხმებებში გათვალისწინებულ პროცედურებზე, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების მოპოვებასა ან ძალაში შენარჩუნებასთან.

 

 

მუხლი 6

უფლებების ამოწურვა

ამ შეთანხმების შესაბამისად დავათა დარეგულირების მიზნით, მე-3 და მე-4 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ამ შეთანხმებაში არაფერი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების ამოწურვის საკითხის გადასაწყვეტად.

 

 

 

მუხლი 7

მიზნები

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვამ და განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიურ ინოვაციას, ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას მწარმოებელთა და ტექნოლოგიური ცოდნის მომხმარებელთა ურთიერთსასარგებლოდ იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უფლებებისა და ვალდებულებების დაბალანსებას.

 

მუხლი 8

პრინციპები

 

1. წევრ ქვეყნებს თავისი ეროვნული კანონებისა და წესების შემუშავებისა და მათში ცვლილებების შეტანისას შეუძლიათ მიიღონ ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კვების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად მათი სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშნვნელობის მქონე სექტორებში, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები შეესაბამება ამ შეთანხმების დებულებებს.

2. სათანადო ზომების მიღება იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამება ამ შეთანხმების დებულებებს, შეიძლება აუცილებელი იყოს უფლებების მფლობელის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ბოროტად გამოყენების ან ისეთი პრაქტიკის აღსაკვეთად, რომელიც უმართებულოდ ზღუდავს ვაჭრობას ან არასასურველ გავლენას ახდენს ტექნოლოგიების საერთაშორისო გადაცემაზე.

 

 

ნაწილი II

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების არსებობასთან, ფარგლებსა და გამოყენებასთან დაკავშირებული სტანდარტები

 

კარი I

საავტორო უფლებები და მომიჯნავე უფლებები

 

მუხლი 9

დამოკიდებულება ბერნის კონვენციასთან

 

1. წევრი ქვეყნები იცავენ ბერნის კონვენციის (1971.) 1_21 მუხლებისა და მის დამატებითი კარის დებულებებს. მიუხედავად ამისა, ამ შეთანხმების შესაბამისად, წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ უფლებები და ვალდებულებები აღნიშნული კონვენციის მე-6bis მუხლით მინიჭებულ, ან მათგან გამომდინარე უფლებებთან დაკავშირებით.

2. საავტორო უფლებების დაცვა ვრცელდება გამოხატვის ფორმებზე და არა იდეებზე, პროცედურებზე, მუშაობის მეთოდებზე ან მათემატიკურ კონცეფციებზე, როგორც ასეთზე.

 

მუხლი 10

კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა კომპილაცია

 

1. კომპიუტერული პროგრამები, იქნება ეს საწყისი ტექსტი თუ ობიექტის კოდი, დაცულია ბერნის კონვენციით (1971.) როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები.

2. მონაცემების ან სხვა მასალების კომპილაცია, იქნება ეს მანქანით წაკითხვადი ფორმით თუ სხვა ფორმით, რომელიც თავისი შემცველობის შერჩევითა და განლაგებით არის ინტელექტუალურ-ემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, დაიცვება როგორც ასეთი. ასეთი დაცვა, რომელიც არ ვრცელდება თვით მონაცემებსა და მასალებზე, არ უნდა აყენებდეს ზიანს საავტორო უფლებას თავად მონაცემებზე ან მასალებზე.

 

 

 

მუხლი 11

გაქირავების უფლებები

 

წევრი ქვეყანა, სულ მცირე, კომპიუტერული პროგრამებისა და კინემატოგრაფიული ნაწარმოებების მიმართ, ავტორებისა და მათი უფლებამონაცვლეებისათვის ითვალისწინებს უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ საავტორო უფლებით დაცული თავისი ნაწარმოებების ორიგინალების ან ასლების საჯარო კომერციული გაქირავება. წევრი ქვეყანა თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი გაქირავება არ იწვევს ამგვარი ნაწარმოებების მასშტაბურ კოპირებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ამ წევრ ქვეყანაში ავტორებისა და მათი უფლებამონაცვლეებისათვის მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებას რეპროდუცირებაზე. კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით ეს ვალდებულება არ ვრცელდება გაქირავებაზე, თუ თვითონ პროგრამა არ არის გაქირავების ძირითადი ობიექტი.

 

მუხლი 12

დაცვის ვადა

 

იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოების დაცვის ვადა, ფოტოგრაფიული ან გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების გარდა, გამოითვლება ფიზიკური პირის სიცოცხლის ხანგრძლივობისაგან განსხვავებულ საფუძველზე, იგი შეადგენს არანაკლებ 50 წელს ნაწარმოების მართლზომიერად გამოქვეყნების კალენდარული წლის დასასრულიდან, ან ნაწარმოების შექმნიდან 50 წლის განმავლობაში მართლზომიერი გამოქვეყნების არარსებობის შემთხვევაში _ 50 წელს იმ წლის ბოლოდან, როდესაც შეიქმნა ნაწარმოები.

 

 

მუხლი 13

შეზღუდვები და გამონაკლისები

 

წევრი ქვეყნები განსაკუთრებული უფლების შეზღუდვებსა და გამონაკლისებთან დაკავშირებით იფარგლებიან გარკვეული სპეციალური შემთხვევებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებას და არ აყენებს ზიანს უფლების მფლობელის კანონიერ ინტერესებს.

 

მუხლი 14

შემსრულებელთა, ფონოგრამის (ხმის ჩანაწერების) დამამზადებელთა და საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვა

 

1.  შემსრულებლებს თავისი შესრულების ფონოგრამაზე ჩაწერასთან დაკავშირებით შესაძლებლობა აქვთ წინ აღუდგნენ მათი ნებართვის გარეშე განხორციელებულ შემდეგ ქმედებებს: თავისი ჩაუწერელი შესრულების ჩაწერას და ამგვარი ჩანაწერის რეპროდუცირებას. შემსრულებლებს შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვეწინ აღუდგნენ მათი ნებართვის გარეშე განხორციელებულ შემდეგ ქმედებებს: თავისი ცოცხალი შესრულების ეთერით გადაცემას და საჯარო გაცნობას.

2. ფონოგრამების მწარმოებლებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ თავისი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება.

3. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციებს უფლება აქვთ აკრძალონ მათი ნებართვის გარეშე განხორციელებული შემდეგი ქმედებები: გადაცემების ჩაწერა, ჩანაწერების რეპროდუცირება, გადაცემების ეთერით ხელახალი გადაცემა, ასევე მათი სატელევიზიო გადაცემების საჯარო გაცნობა. თუ წევრი ქვეყნები სამაუწყებლო ორგანიზაციებს არ ანიჭებენ ამგვარ უფლებებს, მაშინ ისინი საავტორო უფლების მფლობელებს გადაცემის ობიექტთან დაკავშირებით უზრუნველყოფენ შესაძლებლობით წინ აღუდგნენ ზემოაღნიშნულ ქმედებებს, ბერნის კონვენციის (1971.) დებულებების გათვალისწინებით.

4. კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით მე-11 მუხლის დებულებები ვრცელდება mutatis mutandis ფონოგრამის დამამზადებლებზე და ფონოგრამაზე უფლების ნებისმიერ სხვა მფლობელზე წევრი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ფონოგრამების გაქირავებასთან დაკავშირებით, 1994 წლის 15 აპრილისათვის წევრ ქვეყანაში მოქმედებდა უფლების მფლობელებისათვის სამართლიანი ანაზღაურების გადახდის სისტემა, მას შეუძლია შეინარჩუნოს ამგვარი სისტემა იმ პირობით, რომ ფონოგრამების კომერციული მიზნით გაქირავება მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს უფლების მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას რეპროდუცირებაზე.

5. ამ შეთანხმებით შემსრულებლებისა და ფონოგრამების დამამზადებლებისათვის მინიჭებული დაცვის ვადა შეადგენს, სულ მცირე, 50 წელს, რომელიც აითვლება იმ კალენდარული წლის ბოლოდან, როდესაც განხორციელდა ჩაწერა ან მოხდა შესრულება. მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული დაცვის ვადა გრძელდება, სულ მცირე, 20 წლის მანძილზე იმ კალენდარული წლის ბოლოდან, როდესაც განხორციელდა ეთერით გადაცემა.

6. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით მინიჭებულ უფლებებთან დაკავშირებით ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია გაითვალისწინოს პირობები, შეზღუდვები, გამონაკლისები და დათქმები რომის კონვენციით დაშვებული მოცულობით. მიუხედავად ამისა, ბერნის კონვენციის (1971.) მე-18 მუხლის დებულებები გამოიყენება აგრეთვე, mutatis mutandis შემსრულებლებისა და ფონოგრამების დამამზადებლების უფლებებთან დაკავშირებით.

 

kari 2

სასაქონლო ნიშნები

 

მუხლი 15

დაცვის ობიექტები

 

1. ნებისმიერი ნიშანი ან ნიშანთა ნებისმიერი კომბინაცია, რომელსაც შესწევს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება სხვა საწარმოების საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს. ასეთი ნიშნები, კერძოდ, სიტყვები, საკუთარი სახელების ჩათვლით, ასოები, ციფრები, გამოსახულებითი ელემენტები და ფერთა კომბინაციები, აგრეთვე ასეთი ნიშნების ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება სასაქონლო ნიშნებად იქნეს რეგისტირირებული. თუ ნიშნებს თავისთავად არ შესწევთ უნარი განასხვავოს შესაბამისი საქონელი ან მომსახურება, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ რეგისტრაციის შესაძლებლობა გამოყენების საფუძველზე შეძენილ განმასხვავებლობას დაუკავშირონ. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ რეგისტრაციის პირობად მოითხოვონ, რომ ნიშნები ვიზუალურად აღქმადი იყოს.

2. პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ წევრ ქვეყანას აეკრძალოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმა სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით იმ პირობით, რომ ისინი არ დაარღვევენ პარიზის კონვენციის (1967.) დებულებებს.

3. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ნიშნის რეგისტრაციის შესაძლებლობა გამოყენებაზე დამოკიდებული გახადონ. მაგრამ სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენება არ უნდა წარმოადგენდეს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის პირობას. არ შეიძლება განაცხადზე უარის თქმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ განაცხადის შეტანის თარიღიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე ნიშნის განზრახული გამოყენება არ განხორციელდა.

4. იმ საქონლის ან მომსახურების სახეობა, რომლისთვისაც უნდა იქნეს გამოყენებული სასაქონლო ნიშანი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

5. წევრი ქვეყნები ყოველი სასაქონლო ნიშანის მონაცემებს აქვეყნებენ ნიშნის რეგისტრაციამდე ან დაუყოვნებლივ მისი რეგისტრაციის შემდეგ და დაინტერესებულ მხარეებს აძლევენ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის რეალურ შესაძლებლობას. გარდა ამისა, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დაუშვან სასაქონლო ნიშნის რეგისტრირების გაპროტესტების შესაძლებლობა.

 

მუხლი 16

მინიჭებული უფლებები

 

1. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს, რომელსაც არ გააჩნია მფლობელის თანხმობა, ვაჭრობაში გამოიყენოს იდენტური ან მსგავსი ნიშნები ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც იმ საქონლის ან მომსახურების იდენტური ან მსგავსია, რომელთათვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, თუ ასეთი გამოყენება შედეგად მათი აღრევის შესაძლებლობას წარმოშობს. იდენტური საქონლის ან მომსახურებისათვის იდენტური ნიშნის გამოყენების შემთხვევაში აღრევის შესაძლებლობის არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა. ზემოთ აღწერილი უფლებები არანაირ ზიანს არ აყენებს ნებისმიერ ადრე არსებულ უფლებებს და, ასევე, არ ახდენს გავლენას წევრი ქვეყნების შესაძლებლობაზე, დაუშვან უფლებების მოპოვება გამოყენების საფუძველზე.

2. პარიზის კონვენციის (1967.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) მომსახურებისათვის. იმის განსაზღვრისას არის თუ არა სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, წევრი ქვეყნები მხედველობაში იღებენ სასაქონლო ნიშნის საზოგადოების შესაბამის სექტორში ცნობილობას, მოცემულ წევრ ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის რეკლამირების ან მისი პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სხვა საქმიანობის შედეგად მოპოვებული ცნობილობის ჩათვლით.

3. პარიზის კონვენციის (1967.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგვასი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.

 

მუხლი 17

გამონაკლისები

 

წევრ ქვეყნებს შეუძლათ გაითვალისწინონ შეზღუდული რაოდენობის გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება, იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისები ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერ ინტერესებს.

 

მუხლი 18

დაცვის ხანგრძლივობა

 

სასაქონლო ნიშნის პირველადი რეგისტრაციისა და ყოველი განახლებული რეგისტრაციის მოქმედების ხანგრძლივობა არ შეიძლება შვიდ წელზე ნაკლები იყოს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განახლების ჯერადობა შეუზღუდავია.

 

მუხლი 19

გამოყენების მოთხოვნა

 

1. თუ რეგისტრაციის ძალაში შესანარჩუნებლად მოითხოვება გამოყენება, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმებულ იქნეს გამოუყენებლობის მხოლოდ სულ მცირე სამწლიანი უწყვეტი პერიოდის შემდეგ, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ  არ იქნება მითითებული გამამართლებელი მიზეზები, რომლებიც ასეთი გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას ეფუძნება. გარემოებანი, რომლებიც სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებისგან დამოუკიდებლად წარმოიშობა და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების დამაბრკოლებელია, როგორიცაა სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელს ან მომსახურებასთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან მთავრობის სხვა მოთხოვნები, ნიშნის გამოუყენებლობის გამამართლებელ მიზეზებად ჩაითვლება.

2. სხვა პირის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის კონტროლის პირობებში რეგისტრაციის ძალაში შენარჩუნების მიზნით სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ჩაითვლება.

 

მუხლი 20

სხვა მოთხოვნები

 

სასაქონლო ნიშნის გამოყენება ვაჭრობაში დაუსაბუთებლად არ უნდა გართულდეს სპეციალური მოთხოვნებით, როგორიცაა სხვა სასაქონლო ნიშანთან ერთად გამოყენება, სპეციალური ფორმით გამოყენება ან იმგვარი გამოყენება, რაც ზიანს აყენებს მის უნარს განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება სხვა საწარმოების საქონლის ან მომსახურებისაგან. ეს პირობა არ გამორიცხავს მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ან მომსახურების მწარმოებელი საწარმოს მაიდენტიფიცირებელი  სასაქონლო ნიშნის გამოყენებას ამ საწარმოს მიერ წარმოებული მოცემული სპეციფიკური საქონლის ან მომსახურების განმასხვავებელ სასაქონლო ნიშანთან ერთად, მაგრამ მასთან კავშირის გარეშე.

 

მუხლი 21

ლიცენზირება და უფლებების გადაცემა

 

წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განსაზღვრონ სასაქონლო ნიშნების ლიცენზირებისა და მასზე უფლებების გადაცემის პირობები, ამასთან მიიჩნევა, რომ სასაქონლო ნიშნების იძულებითი ლიცენზირება დაუშვებელია და რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშანზე უფლებები გადასცეს იმ ბიზნესთან ერთად ან მის გარეშე, რომელსაც სასაქონლო ნიშანი მიეკუთვნება.

 

კარი 3: გეოგრაფიული აღნიშვნები

მუხლი 22

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა

 

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, გეოგრაფიული აღნიშვნები არის აღნიშვნები, რომელიც განსაზღვრავს საქონლის წარმოშობას წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან, ან ამ ტერიტორიაზე მდებარე რეგიონიდან ან ადგილიდან, როდესაც საქონლის მოცემული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები არსებითად მის გეოგრაფიულ წარმოშობას მიეწერება.

2. გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით წევრი ქვეყნები ითვალისწინებენ სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს თავიდან იქნეს აცილებული:

(a)               საქონლის აღნიშვნის ან პრეზენტაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენება, რომელიც მიუთითებს ან გულისხმობს რომ მოცემული საქონელი წარმოშობილია მისი ნამდვილი წარმოშობის ადგილისაგან განსხვავებული გეოგრაფიული რაიონიდან, იმგვარად, რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობასთან დაკავშირებით;

(b)               ნებისმიერი გამოყენება, რომელიც შეადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს პარიზის კონვენციის (1967) მე-10bis მუხლის  მიხედვით.

3. წევრი სახელმწიფო, ex officio, თუ ეს ნებადართულია მისი კანონმდებლობით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით უარს აცხადებს ან ბათილად ცნობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, რომელიც შეიცავს ან შედგება იმ საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნისაგან, რომელიც არ არის წარმოშობილი აღნიშნული ტერიტორიიდან, თუ ამ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ამგვარი საქონლისათვის სასაქონლო ნიშანში აღნიშვნის გამოყენებას შეუძლია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მისი წარმოშობის ნამდვილ ადგილთან დაკავშირებით.

4. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაცვა გამოიყენება გეოგრაფიული აღნიშვნის წინააღმდეგ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სიტყვასიტყვით სწორად მიუთითებს საქონლის წარმოშობის ტერიტორიაზე, რეგიონზე, ან ადგილზე, მაინც მცდარ წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქონელი წარმოშობილია სხვა ტერიტორიიდან.

 

                       მუხლი 23

      გეოგრაფიული აღნიშვნების დამატებითი დაცვა

        ღვინისა და სპირტიანი სასმელებისათვის

1. თითოეული წევრი ქვეყანა დაინტერესებულ მხარეთათვის ითვალისწინებს სამართლებრივ საშუალებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღვინის განმასხვავებელი