Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების თემაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინურ მოდელსა და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზებს გაეცნენ 25-27 ოქტომბერს (2016 წ.) გამართულ ტრენინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქპატენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქპატენტის სასწავლო ცენტრში გამართული ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფინელი ექსპერტები, ფინეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები, ანსი კარტილა და არნალდო სკუილანტე, რომელთა მიერ ჯგუფური სამუშაოების საფუძველზე განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო საქპატენტის როლი და ამოცანები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით და საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვის მიზნით ისაუბრა სასაქონლო ნიშნის, პატენტის, დიზაინისა და საავტორო უფლებების თემებზე. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონდარღვევების ფაქტების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების კუთხით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პროკუტურის წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგი გაიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2016 წლის 23 აგვისტოს.


tag: