Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
კითხვები და პასუხები

რა არის პატენტი სამრეწველო ნიმუშზე?

რა არის სამრეწველო ნიმუში
?

როგორი სახის შეიძლება იყოს სამრეწველო ნიმუში?

როგორი სამრეწველო ნიმუშის დაცვა შეიძლება პატენტით?

როგორ სამრეწველო ნიმუშებზე არ გაიცემა პატენტი?

რა განსაზღვრავს სამრეწველო ნიმუშის დაცვის ფარგლებს?

რა არის პრიორიტეტი?

რა არის საპატენტო უფლებები?

როგორ შეიძლება განვკარგოთ საპატენტო უფლებები?

არსებობს თუ არა საპატენტო უფლებების რაიმე შეზღუდვა?

როგორია საპატენტო უფლებების მოქმედების ვადა და არეალი?

ვის აქვს სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მიღების უფლება?

რა არის საჭირო საქართველოში სამრეწველო ნიმუშის პატენტის მისაღებად?

რას უნდა შეიცავდეს განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად?

როგორი უნდა იყოს გამოსახულება?

რა ენაზე უნდა იყოს შედგენილი განაცხადი?

რა პროცედურებს ითვალისწინებს პატენტის გაცემა?

რისი უფლება აქვს განმცხადებელს?

რა თარიღით ხდება სამრეწველო ნიმუშის პრიორიტეტის დადგენა?

რა არის პატენტის გაუქმების საფუძველი?

რა საფასურები უნდა იქნეს გადახდილი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად?

როგორ უნდა დააპატენტოს საქართველოს მოქალაქემ თავისი სამრეწველო ნიმუში საზღვარგარეთ?

რა არეგულირებს პატენტებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?

 



რა
არის პატენტი სამრეწველო ნიმუშზე?

 

   პატენტი სამრეწველო ნიმუშზე არის ავტორის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული სამრეწველო ნიმუშით სარგებლობა.

ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით, (შემოკლებით პატენტი), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ.
   გარდა სხვა პირებისათვის სამრეწველო ნიმუშით სარგებლობის აკრძალვისა, პატენტის გამოყენება სხვა მიზნებითაც შეიძლება.
   იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკუთარი ბიზნესის ინტერესებში ან საკუთრების სხვა ფორმების მსგავსად გახდეს გაყიდვისა თუ ლიცენზირების ობიექტი.


 რა
არის სამრეწველო ნიმუში?

 

   სამრეწველო ნიმუში წარმოადგენს ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციულ გარეგან სახეს.


  როგორი სახის შეიძლება იყოს სამრეწველო ნიმუში?

   სამრეწველო ნიმუში თავისი ფორმაწარმოქმნით შეიძლება იყოს მოცულობითი ან ბრტყელი.

  მოცულობითი (სამგანზომილებიანი) სამრეწველო ნიმუში წარმოადგენს ისეთ კომპოზიციას, რომელსაც საფუძვლად უდევს სივრცულად განვითარებული სტრუქტურა, მაგალითად, ავეჯი, ფეხსაცმელი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, ჭურჭელი, მანქანათმშენებლობის დაზგა-დანადგარები და სხვ.

   ბრტყელი (ორგანზომილებიანი) სამრეწველო ნიმუშის დამახასიათებელ კომპოზიციას საფუძვლად უდევს გრაფიკულ-წირითი ელემენტების ისეთი შეხამება, რომელიც გამორიცხავს მის მოცულობით აღქმას. მაგალითად: ხალიჩა, თავსაფარი, ქსოვილი, შპალერი და სხვ. ბრტყელ სამრეწველო ნიმუშებს მიეკუთვნება ისეთი ნაბეჭდი პროდუქციაც, რომლის შესაქმნელად გამოყენებულია შემოქმედებითი მიდგომა, მაგალითად: ეტიკეტი, ლატარიის ბილეთი, კალენდარი და სხვ. 


   როგორი სამრეწველო ნიმუშის დაცვა შეიძლება პატენტით?

   პატანტით შეიძლება დაცულ იქნეს სამრეწველო ნიმუში, რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.
   სამრეწველო ნიმუში ახალია, თუ მის არსებით ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის ესთეტიკურ თავისებურებებს, საყოველთაოდ არ არის ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღამდე, ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.
   სამრეწველო ნიმუში სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი მრავალჯერადი დამზადება.


  როგორ
სამრეწველო ნიმუშებზე არ გაიცემა პატენტი?

 

   პატენტი არ გაიცემა:

- სამრეწველო ნიმუშებზე, რომლებიც იწვევს არაჰუმანურ, ამორალურ და/ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებას;

- შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგან სახეზე, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა;
- თხევადი, აირისებრი, ფხვიერი და სხვა არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებზე;

- ნაკეთობებზე, რომელთა გარეგანი სახე განპირობებულია  არსებითი ნიშნების მხოლოდ ტექნიკური ან ფუნქციური დანიშნულებით;

- უშუალოდ ნაბეჭდ პროდუქციაზე.

  პატენტი აგრეთვე არ გაიცემა სამრეწველო ნიმუშზე, თუ საქპატენტის მიერ იმავე სამრეწველო ნიმუშზე უკვე იყო გაცემული პატენტი.

 

 

   რა განსაზღვრავს სამრეწველო ნიმუშის დაცვის ფარგლებს?

   სამრეწველო ნიმუშის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს ნაკეთობის გარეგანი სახის გამოსახულება.


   რა არის პრიორიტეტი?

 

   პრიორიტეტი აითვლება პატენტის მისაღებად განაცხადის შეტანის თარიღიდან. ამ თა­რიღის შემდგომ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიახლის გასაბათილებლად მხედველობაში არ მიიღება.
   პარიზის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კონვენციური პრიორიტეტით. საკონვენციო პრიორიტეტი უცხო ქვეყნის განმცხადებელს პატენტის მოპოვების უპირატესობას ანიჭებს მის ქვეყანაში მოპოვებული პრიორიტეტის საფუძველზე. მის განაცხადს უპირატესობა ექნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის სხვა ქვეყანაში მიაწვდის განაცხადს უფრო გვიან, ვიდრე ამ ქვეყანაში სხვა პირმა შეიტანა ანალოგიური განაცხადი.
   სამრეწველო ნიმუშისათვის კონვენციური პრიორიტეტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.
   პარიზის კონვენციის თანახმად, მსგავსი პრიორიტეტით სარგებლობა შეუძლია განმცხადებელს, თუ განაცხადის მიწოდებამდე სამრეწველო ნიმუშს გამოფენს საერთაშორისო ოფიციალურ გამოფენაზე. საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობის ვადა შეადგენს 6 თვეს გამოფენაზე ექსპონირების დღიდან.


   რა არის საპატენტო უფლებები?

 

   საპატენტო უფლებები წარმოიშობა პატენტის საფუძველზე. ისინი ორი სახისაა – პირადი არაქონებრივი და ქონებრივი.

პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ სამრეწველო ნიმუშის ავტორს. მას გააჩნია ავტორად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება. ეს უფლება განუსხვისებელია.
   ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთ­რე­ბული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს როგორც სამრეწველო ნიმუშის ავტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი. თუ მას ამისთვის გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
   განსაკუთრებული უფლებები საკუთრების უფლებების ხასიათისაა, იმ განსხვავებით, რომ მათი საგანია არა მატერიალური ობიექტი, არამედ პრაქტიკაში გამოსაყენებელი იდეა.
   პატენტის მფლობელს შეუძლია წინ აღუდგეს მისი ნებართვის გარეშე იმ ნაკეთობის დამზადებას, გამოყენებას, გასაყიდად შეთავაზებას, გაყიდვას ან იმპორტს, რომლის გარეგან სახესაც წარმოადგენს სამრეწველო ნიმუში.


   როგორ შეიძლება განვკარგოთ საპატენტო უფლებები?

  
პატენტმფლობელს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს სამრეწველო ნიმუში, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია, თავად დაამზადოს პატენტით დაცული ნაკეთობა, ჩართოს სამოქალაქო ბრუნვაში და მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი.
   პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს მარტივი ან განსაკუთრებული ლიცენზია.
   მარტივი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პატენტმფლობელი თავადაც ინარჩუნებს პატენტით დაცული სამრეწველო ნიმუშის გამოყენების უფლებას.
   განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პატენტმფლობელს ეკრძალება სხვა ლიცენზიის გაცემა ანალოგიური პირობებით.
   პატენტმფლობელს შეუძლია აგრეთვე გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, რაც უფლებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გამოიყენოს პატენტი პატენტმფლობელთან შეთანხმებული პირობებით.


  არსებობს თუ არა საპატენტო უფლებების რაიმე შეზღუდვა?

  
საპატენტო სამართალი ითვალისწინებს პატენტიდან გამომდინარე გან­სა­კუთრებული უფლებების შეზღუდვას.
   დაიშვება სამრეწველო ნიმუშის გამოყენება კერძო წესით პირადი სარგებ­ლო­ბისათვის, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს. არ იკრძალება სამრეწველო ნიმუშის გამოყენება უცხოეთის ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი საჭიროებისათვის. დასაშვებია სამრეწველო ნიმუშით სარგებლობა სხვადასხვა საგანგებო ვითარების დროსაც.


  როგორია საპატენტო უფლებების მოქმედების ვადა და არეალი?

 

    საპატენტო პირადი არაქონებრივი უფლებები ტერიტორიითა და ვადით შემოსაზღვრული არ არის.
   რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებებს, სამრეწველო ნიმუშის შემთხვევაში ისინი მოქმედებს 15 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პატენტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე.

 
   ვის აქვს სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მიღების უფლება?

  
პატენტის მიღების უფლება აქვს:
   - ავტორს – ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ-შემოქ­მედებითი შრომის შედეგად შეიქმნა სამრეწველო ნიმუში. (თუ სამრეწველო ნიმუში რამ­დენიმე პირის ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია, თითო­ეული მათგანი მიიჩნევა ავტორად).
   - დამსაქმებელს, თუ სამრეწველო ნიმუში შექმნილია დასაქმებულის სამსახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულების შედეგად.


   რა არის საჭირო საქართველოში სამრეწველო ნიმუშის პატენტის მისაღებად?

 

  საქართველოში სამრეწველო ნიმუშის პატენტის მისაღებად საჭიროა, რომ განაცხადი წარდგენილ იქნეს საქპატენტში, სადაც ტარდება კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც გაიცემა ან არ გაიცემა პატენტი.



   რას უნდა შეიცავდეს განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად?


   განაცხადი პატენტის მიღების თაობაზე უნდა შეიცავდეს:
   - განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე, შესრულებულს დადგენილი ფორმის ბლანკის სახით, რომელშიც მითითებულია: ა) განმცხადებლის ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას, და მისამართი: ბ) ავტორის ვინაობა და მისამართი; გ) სამრეწველო ნიმუშის დასახელება; დ) მიმოწერის მისამართი და სხვ.
   - სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებას; გარდა ამისა, თვალსაჩინოებისათვის შეიძლება უშუალოდ ნაკეთობის ან მისი მაკეტის წარდგენა;
   - სამრეწველო ნიმუშის აღწერილობას, აუცილებლობის შემთხვევაში.
   - უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორის უფლებამონაცვლის მიერ,.
   - განმცხადებლის მიერ გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი წარდგენილია პატენტრწმუნებულის მეშვეობით,.
   სამრეწველო ნიმუშის დასახელება უნდა იყოს მისი დანიშნულების გამომხატველი, შეესაბამებოდეს მის არსს და ეთანადებოდეს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის სათანადო რუბრიკას.
   განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე სამრეწველო ნიმუშს, თუ ისინი გაერთიანებულია ერთი იდეით (მაგალითად, მიეკუთვნება ერთსა და იმავე კლასს ლოკარნოს საერთაშორისი კლასიფიკაციის შესაბამისად ან წარმოადგენს რამდენიმე ნაკეთობის ვარიანტს თუ კომპლექტს).
   განაცხადის წარდგენა სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებასთან ერთად ხდება ორ ეგზემპლარად.

  
   როგორი უნდა იყოს გამოსახულება?

  
სამრეწველო ნიმუშის გამოსახულება შეიძლება იყოს შესრულებული ფოტოსურათის ან სხვა გრაფიკული გამოსახულების სახით, მაგალითად, კომპიუტერული გრაფიკით. დაუშვებელია კონსტრუქციული ნახაზის წარდგენა. გამოსახულება შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან ფერადი და შესრულებული უნდა იყოს ნეიტრალურ ფონზე. გამოსახულების ხარისხი ვარგისი უნდა იყოს გამოსაქვეყნებლად.
   გამოსახულება უნდა იყოს წარდგენილი ისეთი რაკურსით (ხედით, კუთხით) და რაკურსების რაოდენობით, რომ იძლეოდეს სრულ და ნათელ წარმოდგენას ნაკეთობის გარეგან სახეზე. დასაშვებია ნაკეთობის რომელიმე ადგილის გადიდებული სახით ჩვენებაც. სასურველია, რომ თითოეული რაკურსის ზომა არ აღემატებოდეს 16X16 სმ-ს და არ იყოს 3X3სმ-ზე ნაკლები. გამოსახულება უნდა იყოს შესრულებული თეთრ ქაღალდზე, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ფორმატს A4 (29,7X21,0 სმ).
   დაუშვებელია გამოსახულებაზე ჭრილების, ზომების, წარწერების, პოზიციებისა და სხვა განმარტებითი მინიშნებების დატანა.
   თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე სამრეწველო ნიმუშს, თითოეულ მათგანს უნდა მიენიჭოს შესაბამისი ნუმერაცია მზარდი ნომრებით (მაგალითად, 1, 2, 3, და ა.შ.); სამრეწველო ნიმუშის თითოეულ რაკურსსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნომერი (მაგალითად, 1.1, 1.2, 1,3 . . . 2.1, 2,2, 2.3 და ა.შ.).


   რა ენაზე უნდა იყოს შედგენილი განაცხადი?

  
საქპატენტში განცხადება უნდა იყოს შეტანილი მხოლოდ ქართულ ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე, ამასთან საგანაცხადო მასალების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა შეტანიდან ორი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქართული თარგმანის წარდგენა.


   რა პროცედურებს ითვალისწინებს პატენტის გაცემა?

   საქპატენტში წარდგენილ განაცხადზე პატენტის გაცემის პროცედურა მოიცავს:
   ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომელიც ითვალისწინებს განაცხადის შეტანის თარიღის დადგენას, საგანაცხადო მასალების სისრულისა და გაფორმების სისწორის შემოწმებას და პრიორიტეტის დადასტურებას. ამასთან, განაცხადი საქპატენტში შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები: განცხადება პატენტის მისაღებად და ნაკეთობის გარეგანი სახის გამოსახულება;
   ბ) პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანას, რომლის დროსაც ხდება იმ შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც პატენტი არ გაიცემა;
   გ)  დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში;
   დ) თუ გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში საქპატენტის სააპელაციო პალატაში ან 1 თვის განმავლობაში სასამართლოში მესამე პირის მიერ არ შევა დასაბუთებული შედავება პატენტის გაცემის თაობაზე, საქპატენტი იღებს დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ, აქვეყნებს მონაცემებს ბიულეტენში, ახორციელებს რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რეესტრში და გასცემს პატენტს.

 

   რისი უფლება აქვს განმცხადებელს?

  
განმცხადებელს უფლება აქვს:
   ა) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად და წარადგინოს გამოცალკევებული განაცხადი;
   ბ) გააერთიანოს თავისი ადრინდელი განაცხადები, თუ მათში შემავალი სამრეწველო ნიმუშები მიეკუთვნება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს და წარადგინოს ერთ, გაერთიანებულ განაცხადად;
   გ) შეიტანოს ცვლილებები ან შესწორებები წარდგენილ საგანაცხადო მასალებში;
   დ) მოითხოვოს საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი წესით;
   ე) მოითხოვოს პროცედურული ვადების გაგრძელება დადგენილი წესით;
   ვ) მის მიერ პროცედურული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საქპატენტისაგან ამ ვადების აღდგენა დადგენილი წესით;
   ზ) გაასაჩივროს საქპატენტის სააპელაციო პალატაში ექსპერტიზის გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 3 თვის ვადაში. ამასთან, განცხადებელს უფლება აქვს როგორც ექსპერტიზის ისე საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს  სასამართლოში.

   გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა, ცვლილების შეტანა და განაცხადის გარდაქმნა დასაშვებია პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, ადრინდელი განაცხადის არსის შეუცვლელად.


    რა თარიღით ხდება სამრეწველო ნიმუშის პრიორიტეტის დადგენა?

 
1. პრიორიტეტი სამრეწველო ნიმუშზე დგინდება საქპატენტში სწორად გაფორმებული განაცხადის წარდგენის თარიღიდან;

   2. პრიორიტეტი აგრეთვე შეიძლება დადგინდეს:
   ა) დამატებითი მასალების წარდგენის თარიღით, თუ განმცხადებელმა ისინი გააფორმა დამოუკიდებელი განაცხადის სახით და წარადგინა საქპატენტში სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, რომ დამატებითი მასალები არ მიიღება მხედველობაში, რამდენადაც ისინი ცვლიან განცხადებული ობიექტის არსს;
   ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია ამ სამრეწველო ნიმუშის არსი, თუ განაცხადი ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნით შევიდა სამრეწველო ნიმუშის უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში; ამასთან, უფრო ადრინდელი განაცხადი გატანილად ითვლება;
   გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, ყოველი მათგანისათვის ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვით.

   3. პრიორიტეტი არ დადგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე მოთხოვნილია უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და რომელზედაც საქმის წარმოება შეწყდა.


  რა არის პატენტის გაუქმების საფუძველი?

  
1. პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:

   ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
   ბ) სამრეწველო ნიმუშის გამოსახულება არ იძლევა ნაკეთობის დამზადების შესაძლებლობას; 
   გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
   დ) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველადი განაცხადის ფარგლებს;
   ე) პატენტმფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე, რადგან მუშაკის მიერ შექმნილი სამრეწველო ნიმუში დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, და პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს.

  
   რა საფასურები უნდა იქნეს გადახდილი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად?

  
 1. სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად და შესანარჩუნებლად უნდა იქნეს გადახდილიშემდეგი საფასურები: ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, გამოქვეყნების,პატენტის გაცემისა და ძალაში შენარჩუნების.


   2. განმცხადებლის ან პატენტმფლობელის მოთხოვნით განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილების, განაცხადის განხილვის შეჩერების, შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელების, რეესტრში ცვლილებების შეტანის და სხვა მოთხოვნებისათვის აგრეთვე უნდა იქნეს გადახდილი საფასურები.


   საფასურების დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება. 


  როგორ
უნდა დააპატენტოს საქართველოს მოქალაქემ თავისი სამრეწველო ნიმუში საზღვარგარეთ?

 

  1. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია სამრეწველო ნიმუშზე განაცხადი შეიტანოს უშუალოდ იმ ქვეყნის საპატენტო უწყებაში, სადაც სურს განსაკუთრებული უფლებების მოპოვება.

   2. საქართველოს მოქალაქეს სამრეწველო ნიმუშის უცხოეთში დაპატენტება შეუძლია სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზეც.


    რა არეგულირებს პატენტებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოში?



   საქართველოში სამრეწველო ნიმუშის შექმნასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს "საქართველოს საპატენტო კანონი” (1999 წელი), ხოლო განაცხადის წარდგენის, ექსპერტიზის, გამოქვეყნების, პატენტის გაცემისა და სხვა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებისათვის საფასურები დადგენილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის ¹51 ბრძანებით.
   გარდა ამისა, სამრეწველო ნიმუშის სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (საქართველო წევრია 1991 წლიდან), სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმება (საქართველო წევრია 2003 წლიდან), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის "ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების ასპექტების შესახებ” (TRIPS) შეთანხმება (საქართველო წევრია 2000 წლიდან).
   რაც შეეხება საპატენტო უფლებების განხორციელებასა და დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ისინი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ხოლო პატენტთან დაკავშირებული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1891-ე მუხლით.