Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სად წარმოიშვა სიტყვა

 

    სად წარმოიშვა სიტყვა "ღვინო"

    საფერავი – უძველესი ქართული ვაზის ჯიში

    საავტორო უფლებების ისტორია        

  

       

 

   სად წარმოიშვა სიტყვა "ღვინო"          

 

 

გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სამეცნიერო კვლევა ,,სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის” აღმოსავლეთმცოდნეთა ვიწრო წრისათვის არის ცნობილი. ამ მცირე მოცულობის ნაშრომში ჩვენი კულტურული წარსულის მრავალი საყურადღებო საკითხია განხილული. საგულისხმოა, რომ მასში სიტყვის ,,ღვინო” წარმომავლობაზეც არის საუბარი.

 

,,...გამორიცხული არაა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი სიტყვა ქართულიდან იყოს სემიტურში ნახსენები. ასეთ ეჭვს იწვევს ღვინო. ეს სიტყვა, როგორც ცნობილია, სხვადასხვა სისტემის ბევრ ენაში მოიპოვება: რუს. Вино, გერმ. Wein, ინგ. Wine. ფრანგ. Vin, ლათინ. Vinum, ბერძ. Oivos და სხვ. გვხვდება იგი სემიტურშიაც: არაბ. Wayn, ებრ. vayin, ასურულ-ბაბილონური Inu  და სხვა. მაგრამ ინდო-ევროპული ენების სპეციალისტებს იგი ინდო-ევროპულში ნასესხებად მიაჩნიათ (ტომსონი). არც სემიტოლოგების მიერ არის იგი სემიტურად მიჩნეული (ლაგარდი, ჰომბელი, გეზენიუსი). თავისთავად იბადება ეჭვი მისი ქართული წარმოშობის შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა სიტყვის სომხური ფორმა. როგორც ცნობილია, ქართულ ვი-ს მეგრულში ზოგჯერ გი შეესატყვისება: ვირი – გირი (ნი), ამიტომ ქართული ღვინი- შესატყვისად მეგრულში გინი იყო მოსალოდნელი (თანამედროვე მეგრული, ქართულიდან ნასესხები ფორმა ღვინი მოწმობს, რომ ეს მეორეულია. თავკიდური მერეა დართული, შდრ. სვან. ღ – ვაჭარი, ან ქართულივე ღ-დინი. ამ ფორმით სიტყვა შენახულია სომხურში, სადაც ის ზანურიდან უნდა იყოს ნასესხები. ინდო-ირანული ენებიდან სომხურს არ შეეძლო ეს სიტყვა შეეთავსებინა, რადგან იგი აღმოსავლურ ინდო-ევროპულ ენებში არ არსებობს. გამორიცხულია აგრეთვე სემიტურიდან სესხებაც. ქართულში რომ სიტყვა სემიტურიდან იყოს შემოსული, სომხურს ქართველური ენებიდან აღარ დასჭირდებოდა სიტყვის გადაღება, რადგან სემიტურისაგან სესხების გზები მისთვისაც გახსნილი იყო. თუ მოვიგონებთ ამასთან ძველ ებრაულ გადმოცემას, რომელიც დაბადებაშია შენახული და რომელიც ვენახისა და ღვინის სამშობლოდ ამიერკავკასიას თვლის (იხ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, II, გვ. 603), სერიოზული საფუძველი გვექნება გამორიცხულად არ ჩავთვალოთ შესაძლებლობა, რომ მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორიც არის ღვინო და თვით საგანი, მისით აღნიშნული, ქართულიდან იყოს მთელ მსოფლიოში გავრცელებული.”...

 

 

 

 

       საფერავი – უძველესი ქართული ვაზის ჯიში

 

საქართველო კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთი ძირითადი კერაა. მის ტერიტორიაზე დასაბამი მიეცა განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე ჯიშების ჩამოყალიბებას.

1960 წელს გამოიცა საფუძვლიანი ნაშრომი “საქართველოს ამპელოგრაფია”(ავტორები: ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე), სადაც წარმოდგენილია ქართული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა., მოცემულია 57 სტანდარტული და პერსპექტიული ჯიშის სრული ამპელოგრაფიული აღწერა. სულ წიგნში დასახელებულია ლიტერატურული წყაროებით ცნობილი ვაზის 525 ჯიში.

 ურთიერთშედარების, და საბოლოო დაზუსტების შემდეგ იმ დროინდელი ე.წ “საკავშირო” ამპელოგრაფიის ტომებში ადგილი დაიკავა 414 ქართული ვაზის ჯიშის მონოგრაფიამ და ამპელოგრაფიულმა აღწერამ. მათ შორისაა საფერავი, უნიკალური ქართული ვაზის ჯიში, რომელიც სწორედ საქართველოს ადგილობრივ კერიდან წარმოიშვა. ამ ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებები და მორფოლოგიური ნიშნები საფერავის უძველეს ჯიშად მიჩნევის საბუთს წარმოადგენს. არც ერთ ქართულ ჯიშს არ ახასიათებს იმდენი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებები, როგორც საფერავს. ეს კი აიხსნება იმით, რომ საფერავი ძველი ჯიშია, რის გამოც იგი მდიდარია სახეცვლილი ფორმებით – ვარიაციებით. ცნობილი და  გავრცელებულია საფერავი ბუდეშურისებრი, ოცხანური საფერე, მესხური საფერავი, ატენის საფერავი, საფერავი ფაჩხა, საფერავი დიდმარცვალა და ა. შ.

 პირდაპირი მითითებები საფერავის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ დაცული არ არის, თუმცა სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ამის მიახლოებით განსაზღვრა. აკად. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, თავდაპირველად საფერავი ძველ ქართულ პროვინციაში - შავშეთ-კლარჯეთში იყო გავრცელებული, საიდანაც დროთა განმავლობაში გადმოინაცვლა აღმოსავლეთ საქართველოში და ქართლზე გავლით (X-IXსს უფლისციხის და სამთავროს წიპწები; კასპში “ციხიაგორაზე”, უძველეს მარანში აღმოჩენილი ნიმუშები), უკვე XVII საუკუნის ბოლოს კახეთის ვენახებში  დაიდო ბინა.

საფერავი საქართველოდან თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაში გავრცელდა: აზერბაიჯანში – საინგილოდან, საკმაოდ არის გავრცელებული ძირითადად კახის, ზაქათალას, შამქორის, განჯას რაიონებში, სომხეთში – საქართველოს მოსაზღვრე ალავერდის, შამშადინის და იჯევანის რაიონებში გვხვდება, თუმცა სომხეთში საფერავი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული. ძირითადად 1927 წლიდან დაიწყეს საფერავის გაშენება ფართო მასშტაბით არარატის ტრესტის ყოფილ საბჭოთა მეურნეობაში,  დაღესტანში საფერავი კახეთიდან გავრცელდა, მეტწილად დარუბანდისა და მახაჩყალის რაიონებში, ყირიმში - მებაღე ი. ფრიკისა და ს. ფედოროვის მიერ იყო შეტანილი 1847 წელს. შუა აზიის ქვეყნებში საფერავი მოხვდა ევროპულ ჯიშებთან ერთად დაახლოებით 1860 წლიდან, საფრანგეთში კი შეტანილია 1868 წელს ქუთაისში დასახლებულ ფრანგ ლონგეილის საშუალებით, რომელიც ქართულ ჯიშებს უგზავნიდა ამპელოგრაფ პიულას.

საფერავის ფართოდ გავრცელება სხვადასხვა ქვეყნების მევენახეობებში გამოწვეულია ამ ჯიშის მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით (მოსავლიანობა, ხარისხი, ყინვაგამძლეობა). ქიმიური ანალიზის მაჩვენებლებით საფერავი წმინდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია და თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, შემადგენელი ნაწილების კარგი შერწყმით პირველ ადგილზეა მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის. საფერავის ღვინის მაღალი თვისებები  ხშირად აღინიშნება ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიების მიერ. ნიკიტინის ბაღის დირექტორი ჰარტვისი, გ. ცაბელი და სხვები მას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. ცნობილი ფრანგი ამპელოგრაფი ოდარი  წერდა: “ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს ჯობია”.

       ყველაზე მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს საფერავი განსაკუთრებით შიდა კახეთში იძლევა, ყვარელში და მუკუზნის ზონაში დამზადებული ღვინოები კი ქართული მეღვინეობის ნამდვილი სიამაყეა. საფერავისაგან მზადდება საქვეყნოდ ცნობილი ღვინოები: “საფერავი”, “ქინძმარაული”, “ყვარელი”, “მუკუზანი”, ხოლო საფერავის საუკეთესო მაგარ და სადესერტო ღვინოს - ყირიმსა და უზბეკეთში ვხვდებით. ზოგან ღვინო მუქი ლალისფერია, ზოგან -ბროწეულის ფერი, ზოგან კი შავი მოცხარის იერი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველგან მას ძლიერი ჯიშური არომატი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიულობა ახლავს თან, უკრაინელი მეღვინე ნ. ოხრემენკოს შეფასებით “მასში სინაზე შერწყმულია სისრულესთან, ხოლო ღვინის ხასიათი- ორიგინალობასთან და მთლიანობასთან”.

მასალის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:

 

“საქართველოს ამპელოგრაფია”-ავტორები: ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი,    დ. ტაბიძე. 1960.

ჟურნალი “ვაზი და ღვინო”, 1920, N9.

ჟურნალი “ვაზი და ღვინო, 1990, N1

 

                                                                                    საავტორო უფლებების ისტორია

საავტორო უფლებები, როგორც სამართლებრივი მოვლენა, ერთიანად არ შექმნილა. მას ხანგრძლივი ევოლუციის პროცესი დასჭირდა. საავტორო უფლებების წარმოქმნის თაობაზე დღესაც მრავალი აზრი არსებობს, თუმცა შევჩერდებით ყველაზე ცნობილ ფაქტებზე და გაგაცნობთ საავტორო უფლებების, ამ ძალზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენის, შექმნისა და განვითარების ისტორიას.

საავტორო უფლებების ჩანასახი, შეიძლება ითქვას, ანტიკურ პერიოდშიც კი არსებობდა და ძირითადად ლიტერატურულ პლაგიატთან ბრძოლის სახე ჰქონდა. თუმცა ეს მცდელობა უფრო ეპიზოდური ხასიათისა გახლდათ და მხოლოდ ცალკეულ კულტურებზე ვრცელდებოდა. მაშინ მეცნიერთა და ხელოვანთა წარმოდგენაში მათი ნაშრომები შემოქმედებით საქმიანობად არ აღიქმებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ მხოლოდ საღმრთო ცოდნის “გამტარებად” ევლინებოდნენ სამყაროს და საკუთარ “უნარს” შესაძლებლობების ფარგლებში გადმოსცემდენ. ამდენად, საკუთარ ნაწარმოებებზე უფლებების მოპოვების მცდელობაზე საუბარი სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელიც კი იყო. “განა შესაძლებელია წამოჭრილიყო საკითხი საავტორო უფლებების შესახებ, როცა გადამწერის შრომა უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე თავად ავტორისა?” - წერდა მკვლევარი მარტენსი (1905). მკვლევარი კანტოროვიჩი (1916) კი აღნიშნავდა, რომ “...არსებობდა არა ლიტერატურული საკუთრება, არამედ საკუთრება ლიტერატურული ნაწარმოების ყოველ ცალკეულ ეგზემპლარზე, მანუსკრიპტზე, როგორც განსხეულებულ საგანზე, რომელსაც ღირებულება ჰქონდა როგორც ნივთს და არა როგორც აზრობრივი შინაარსის მატარებელს”.

საავტორო უფლებების წარმოქმნის ისტორიას მთელს მსოფლიოში წიგნის ბეჭდვას უკავშირებენ. ამ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის განვითარების თვალსაზრისით. ტირაჟებით ბეჭდვა გახდა მართლაც რომ მასობრივი და არცთუ ძვირი წარმოება. წიგნები, რომლებიც მანამდე თითო ეგზემპლარად არსებობდა, ძვირი იყო და მხოლოდ რჩეულთ მიუწვდებოდათ ხელი. ტირაჟირების წყალობით კი წიგნები ფართოდ გავრცელდა - “...მისმა განსაკუთრებულმა პროდუქტულობამ საშუალება მისცა ცოდნისა და სიბრძნის საუნჯეს წყვდიადიდან გამონთავი-სუფლებულიყო, სამყარო გაემდიდრებინა და გაენათლებინა,” - წერდა წიგნის ბეჭდვის შესახებ თავის ქრონიკებში გერმანელი მწერალი ვერნერ როლევინკი (1474წ).

საავტორო უფლებებთან მიმართებაში წიგნის ბეჭდვას დადებითთან ერთად ნეგატიური მხარეებიც გააჩნდა. მაგალი-თად, ავტორი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავდა წიგნის დაწერასა და პირველი ეგზემპლარის შექმნაზე, გამომცემელი - ტექსტის კორექტურაზე, ლეგალური ტირაჟის დამზადებასა და რეკლამაზე, არაკეთილსინდისიერ გამომცემელს კი მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯებით თავისუფლად შეეძლო დამატებითი ტირაჟის დაბეჭდვა და არც თუ ცუდი შემოსავლის მიღება. ასეთი არალეგალური ტირაჟი სერიოზულ ზიანს აყენებდა გამომცემლებსა და ავტორებს, ზოგჯერ მორალურ ზარალსაც კი, როცა არაკეთილსინდისიერ გამომცემელს ავტორის სახელით გარკვეული ცვლილებები და შესწორებები შეჰქონდა ორიგინალის ტექსტში ან საერთოდ ითვისებდა ნაწარმოებს და საკუთარ შემოქმედებად ასაღებდა.

1525 წელს მარტინ ლუთერი ერთ-ერთი ნაწარმოების წინასიტყვაობაში (“განმარტება მოციქულთა წერილისა და სახარებისა ფილიპეს მარხვიდან აღდგომამდე”) სასტიკად კიცხავდა გამომცემლებს: “თქვენ ძარცვავთ ერთი მეორეს, იპარავთ სხვისას და რყვნით ერთმანეთს. ნუთუ ქუჩის ავაზაკებად იქეცით? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი დაგლოცავთ ასეთი ბოროტი ქმედებებისა და ხრიკებისათვის?”. ასეთი ფაქტებიდან გამომდინარე თავდაპირველად გამომცემლები საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოდიოდნენ და მმართველებისგან ითხოვდნენ სიგელს (ან, როგორც მეფის ინგლისში - პრივილეგიებს), რომელიც ფაქტობრივად ბეჭდვაზე ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებდა მათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სიგელები თუ პრივილეგიები დაკანონებელი იურიდიული მექანიზმების გარეშე ვერ იქნებოდა ეფექტიანი. ისტორიული წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის პრივილეგიების პირველობაზე. მაგალითად, პირველწყარო კლუბერი აღნიშნავს, რომ პირველი პრივილეგია გაცემულ იქნა 1489 წელს, მაგრამ რომელ თხზულებაზე - არ სახელდება. პუნზერი მიუთითებს, რომ პირველი პრივილეგია გაიცა ციცერონის ეპისტოლეზე 1469 წელს. პოუილეტი თვლიდა, რომ პირველი პრივილეგიის მფლობელი იყო ვენეციის სენატის ტიპოგრაფისტი ალდი, რომელმაც არისტოტელეს თხზულებები გამოსცა.

გამომცემლები თუ წიგნითმოვაჭრენი გილდიებში ერთიანდებოდნენ. სწორედ ისინი განკარგავდნენ ავტორთა ინტერესებს. გამომცემლების უფლებების დასარეგულირებლად სერიოზული მცდელობები იქნა მიღებული ინგლისში XVI საუკუნეში, როცა ლონდონის გილდიას Worshipful Compani jf Stationers and Newspaper Makers” (ხშირად Stationers Company-ად წოდებული) “უბოძეს” სამეფო ქარტია, რამაც გილდია მონოპოლისტად აქცია. წიგნის ბეჭდვის ბაზარზე წიგნის გამოსაცემად გილდიის წევრს ბეჭდვაზე უფლება უნდა მიეღო, ამასთან, გილდიის ყველა დანარჩენი წევრი ავტომატურად კარგავდა ბეჭდვის უფლებას. სწორედ მაშინ შემოვიდა ტერმინი copyright (კოპირაიტი) copy-აღწარმოება, right-უფლება. XVIII საუკუნის დასაწყისში გილდიამ დაკარგა თავისი გავლენა.

სამეფოში, რომელიც აერთიანებდა ინგლისსა და შოტლანდიას, გამომცემლებს შორის წარმოიქმნა სერიოზული დაპირისპირება, ძირითადად შოტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის. სიტუაცია მოითხოვდა სამეფო კარის ჩარევას და 1710 წლის 10 აპრილს დედოფალმა ანამ გამოსცა პირველი საკანონმდებლო აქტი საავტორო უფლებების დარგში. ეს დოკუმენტი დედოფალ ანას სტატუტითაა ცნობილი. სტატუტი იცავდა წიგნის, რუქებისა და ნახაზების ავტორებს არასანქცირებული კოპირებისაგან. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული იყო ნაწარმოების ფასიანი რეგისტრაცია, რომლის გარეშეც ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილებად ითვლებოდა და კანონით არ იყო დაცული. დარეგისტრირებულ ნაწარმოებებზე მოქმედებდა დაცვა (ანუ ბეჭდვაზე ექსკლუზიური უფლება) 14 წლის მანძილზე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში არსებობდა საავტორო უფლების კიდევ 14 წლით გაგრძელდების შესაძლებლობა. შემდეგ კი ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდებოდა. ამასთან ერთად, შემოღებული იყო რეგისტრირებული ნაწარმოების ეგზემპლარების სამეფო ბიბლიოთეკაში გადაცემის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს, პირველად, ლიტერატორმა ჯონ ბერიმ დაიცვა თავისი წიგნი “ფილადელფიური გამოთქმების წიგნი”. ანას სტატუტმა ასევე აამუშავა ანტიმონოპოლიური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დავების დროს სასამართლო წესით მოიპოვებოდა დაბეჭდილი ნაწარმოებების ღირებულების განსაზღვრის უფლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა ეჭვი, რომ ბეჭდვაზე განსაკუთრებული უფლების მინიჭების წყალობით წიგნის ფასი ზედმეტად იყო გაზრდილი. პირველი ხმაურიანი პროცესი საავტორო უფლებების შესახებ გაიმართა 1841 წელს. სასამართლომ დამნაშავედ სცნო არქივისტი, რომელმაც თავის ჟურნალში თვითნებურად გამოაქვეყნა აშშ-ს პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის წერილები. ამგვარად პირველად გამყარდა საავტორო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი - “კოპირაიტი”. ეს სიახლე ინგლისიდან ძალიან სწრაფად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

1783 წელს კონეკტიკუტის შტატში მიღებულ იყო კანონი ”ლიტერატურისა და ტალანტის წახალისების შესახებ”. 1783- 1786 წლებში მსგავსი კანონები მიიღეს აშშ-ს სხვა შტატებმაც.

1791 და 1793 წლებში საფრანგეთში შემოღებულ იყო ორი კანონი, რომელიც იძლეოდა უფლებების დაცვის გარანტიას ლიტერატურულ, დრამატულ, მუსიკალურ, სახვით შემოქმედებითი საქმიანობის შედეგზე. შემდეგ, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, მსგავსი საკანონმდებლო აქტები მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. 1828 წელს საავტორო უფლების ცნებამ შეაღწია რუსეთშიც. მომდევნო პერიოდებში სხვადასხვა ქვეყნის საავტორო სამართალში გაჩნდა ახალი ობიექტების დაცვის ნორმატიული აქტები, რომლებიც ითვალისწინებდა კინოფილმების, ფოტონამუშვრების, არქიტექტურული პროექტების, კომპიუტერული გრაფიკის, სამხატვრო დადგმებისა თუ წარმოდგენების, ფონოგრამებისა და სხვა ობიექტების დაცვას.

საავტორო უფლებების სამართლებრივ რეგულირებას ხელი შეუწყო შექმნილმა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა. მათ მიერ იწარმოებოდა საავტორო უფლე-ბების დაცვის კონტროლი და რეგისტრაცია. ასე, მაგალითად, აშშ-ში 1870 წლიდან ამ საქმიანობას ეწეოდა კონგრესის ბიბლიოთეკა, რუსეთში კი - რუსი დრამატული მწერლების საკრებულო.

1886წ. საავტორო უფლებების სამართლებრივმა რეგულირებამ საერთო ევროპული ხასიათი მიიღო. საავტორო უფლებების რეგისტრაციის ერთიანი პროცედურის მიზნით ხელი მოეწერა ბერნის კონვენციას. ეს იყო პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. აღნიშნული კონვენციის მიზანი გახლდათ სხვადასხვა სახელმწიფოების საავტორო უფლებების ურთიერთაღიარების უზრუნველყოფა და მათ დასაცავად საერთაშორისო ნორმების დადგენა. შემდგომში ამ კონვენციას არაერთხელ გადახედეს და შეავსეს. მაგალითად, 1908 წელს საავტორო უფლებების მოქმედების ვადა გაიზარდა 50 წლით ავტორის გარდაცვალებიდან. ფაქტობრივად ბერნის კონვენციის ხელმოწერით დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო პერიოდი. ხელი მოეწერა ასევე სხვა სართაშორისო კონვენციებს, რომლებიც მიმართული იყო საავტორო უფლებების ცალკეული პრობლემების საერთაშორისო რეგულირებისაკენ. საერთაშორისო დონეზე საავტორო უფლებების დაცვა იტვირთა იუნესკოს ორგანიზაციამ. 1952 წელს ხელი მოეწერა ჟენევის კონვენციას. ეს კონვენცია არ ცვლიდა ბერნის კონვენციას, ის ბერნის კონვენციაზე უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევდა ნაციონალური რეჟიმის პრინციპს, რაც ხელს უწყობდა განსხვავებული საავტორო უფლებების სისტემათა მქონე ქვეყნების გაერთიანებას. დღესდღეობით კონვენციაში 80 სახელმწიფოზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

შეიქმნა საერთაშორისო სტრუქტურებიც. სტოკჰოლმში 1967 წელს ხელი მოეწერა “კონვენციას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ” (ისმო), რომელიც ძალაში შევიდა 1970 წელს. ისმო იქმნებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, როგორც მისი ერთ-ერთი სპეციალიზებული დაწესებულება. ისმო-ს საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებდა სხვადასხვა ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზაციას, საავტორო უფლებების მართვის თანამედროვე მიდგომების პროპაგანდას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული სპეციალური გადაწყვეტილების მიღება - განზოგადებას.

ბერნის კონვენციის გამოხმაურებას წარმოადგენდა 1887 წელს საავტორო უფლებების ნორმების გაერთიანება რუსეთის იმპერიის კანონთა კრებულში. იმ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და საავტორო უფლებაც ნორმატიულად რუსეთის კანონებით რეგულირდებო-და. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რუსეთში შენარჩუნებული იყო სახელმწიფოს მონოპოლია წიგნის გამოცემასა და ვაჭრობაზე. შემდგომში წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საავტორო უფლებების საკითხს ცენზურის ნორმები არეგულირებდა. “ცენზურის წესდება” /22.04.1828/ შეიცავდა ნაწილს “შემოქმედთა და წიგნის გამომცემელთა შესახებ”, რომელიც სიცოცხლეში ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებდა, გარდაცვალების შემდეგ კი მემკვიდრეებს 25 წლის განმავლობაში უნარჩუნებდა ამ უფლებას. შემდგომში ეს ვადა 35 წლამდე გაიზარდა. აღნიშნული კანონი ფაქტობრივად პირველი ნორმატიული აქტი იყო საავტორო უფლებების შესახებ რუსეთისათვის და, შესაბამისად, იმ დროს რუსეთში კანონი - “დებულება შემოქმედთა უფლებების შესახებ”, სადაც განსაზღვრული იყო კონტრაფაქტულობის ცნება და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხები. ამის შემდეგ შეიქმნა სახელშეკრულებო დოკუმენტების ფორმები, გაიზარდა საავტორო ჰონორარები. 1911 წელს მიღებულ იქნა კიდევ ერთი კანონი ”დებულება საავტორო უფლებების შესახებ”. ახალი კანონი მუშავდებოდა საუკეთესო დასავლეთევროპული კანონმდებლობების გათვალისწინებითა და გამოყენებით. ამ დებულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა რუსეთის იმპერიაში საავტორო უფლებების განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ავტორთა უფლებები სრულად არ მოიცავდა ბერნის კონვენციის წევრი ქვეყნების ავტორთა უფლებებს. რუსეთი ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობით, ამიტომ რუსეთში მოქმედი საავტორო უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ მის ტერიტორიაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების ავტორთა უფლებები გამუდმებით ირღვეოდა მეფის მთავრობის მიერ გატარებული იმპერიული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობდა ნაციონალური კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარების აკრძალვას. ამ მიდგომით ავტორს მხოლოდ რუსულ ენაზე წერის უფლება ჰქონდა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ გააუქმა კერძო გამომცემლობები, ხოლო საგამომცემლო საქმიანობის მონოპო-ლისტის ფუნქცია იტვირთა სახელმწიფომ. მხარი დაუჭირეს და წაახალისეს სოციალისტური, პროლეტარული ნაწარმოებების ავტორები, მათი ნაწარმოებები დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა, მათ ეძლეოდათ იმ დროისათვის მაღალი ჰონორარები. 30.01.1925 წელს გამოვიდა საბჭოთა სახელმწიფოს პირველი ნორმატიული აქტი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით - “საავტორო უფლებების საფუძვლების შესახებ”, რომელიც ამკვიდრებდა საავტორო ჰონორარის მყარ ნიხრებს.

30-იან წლებში საბჭოეთში შეიქმა შემოქმედებითი კავში-რები, რომლებიც კურირებდა საავტორო უფლებების დაცვას დარგების მიხედვით. საქართველოს მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, კინემატოგრაფისტთა, თეატრალურ მოღვაწეთა, ჟურნალისტთა, არქიტექტორთა და დიზაინერთა შემოქმედებით-მა კავშირებმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტმა საქართველოში საავტორო უფლებების მართვის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით დააფუძნეს საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტო, ანგარიშვალდებული იყო საკავშირო სააგენტოს წინაშე. საკავშირო სააგენტო შუამდგომლობდა ავტორებსა და გამოცემებს შორის, საბჭოთა ავტორებსა და უცხოურ გამომცემლობებს შორის, უცხოელ ავტორებსა და საბჭოურ გამომცემლობებს შორის და არეგულირებდა საავტორო ანაზღაურების მოკრებისა და განაწილების საკითხს.

საბჭოთა რესპუბლიკებმა თავად დაიწყეს საავტორო უფლებებთან მიმართებაში კანონების მიღება. ყველა რესპუბლიკამ, მათ შორის საქართველომაც, მიიღო სამოქალაქო კოდექსი, რომლის 4 ნაწილი ეხებოდა საავტორო უფლებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1997 წელს ახალ სამოქალაქო კოდექსში ცალკე ადგილი დაეთმო საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ მუხლებს, ხოლო 1999 წელს საავტორო უფლებების მარეგულირებელი ნორმები შეცვალა საფუძვლიანი კანონის მიღებამ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. 2000 წელს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სხვადასხვა დარგში ერთიანი საკანონმდებლო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს “საქპატენტს” შეუერთდა საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. 2005 წლის 3 ივნისს და, უფრო მოგვიანებით, 2010 წლის 4 მაისს კანონში ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ავტორთა და სხვა უფლებამფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვა ხორციელდება კოლექტიურ საფუძვლებზე, რაც გულისხმობს საავტორო გასამრჯელოს აკრება - განაწილების პროცესის წარმართვას შესაბამისი კოლექტიური მართვის საზოგადოების მეშვეობით.

ცნება საავტორო უფლება დინამიკურად ვითარდება. ეს გარემოება მისი ვადის მოქმედების გაზრდასა და საავტორო უფლებების სუბიექტებისა თუ ობიექტების გაფართოებისკენაა მიმართული. ამ ფაქტს ხელს უწყობს საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობა საავტორო უფლებე-ბის სხვადასხვა საკითხებზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილე-ბების მიღება ამ პროცესთან მიმართებაში.